აშშ-საქართველო - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

მორიგი მნიშვნელოვანი გზავნილი ვაშინგტონიდან.

საქართველო-ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის საკითხი კიდევ უფრო აქტიურდება. კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავს და სთხოვს, ჩვენს ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი განიხილოს.

კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე წერილში იმ სარგებელზე მიუთითებს, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სავაჭრო ბარიერების გაუქმებას მოჰყვება.

კონგრესმენი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კუთხით საქართველოს პროგრესსაც უსვამს ხაზს. საქართველო-ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყების საკითხს ქართული მხარე ამერიკელ პარტნიორებთან თითქმის ყველა შეხვედრაზე აყენებს.

კონგრესმენის წერილმა ოფიციალურ თბილისს პროცესის დაჩქარების იმედი მისცა.