აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის პირველი დიპლომატი საქართველოშია – მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა. ოფიციალური შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან, კათოლიკოს-პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორთან ხვალ გაიმართება. მთიანი ყარაბაღის გამო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტის მიმართ ახლა ინტერესი გაორმაგებულია. პომპეოს ჩამოსვლა ემთხვევა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდსაც – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ გამწვავებულ პოლიტიკურ სიტუაციას.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეხვედრა, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღის წესრიგში გაწერილი არ არის. ვიზიტის მთავარი განსახილველი თემები კი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება. შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს. საქართველოში ჩამოსვლამდე, მაიკ პომპეო ვიზიტით საფრანგეთსა და თურქეთში იმყოფებოდა. თბილისში შეხვედრების დასრულების შემდეგ ის ისრაელში გაემგზავრება.