ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას, მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით, ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას. მათი თქმით, ეს მოთხოვნა უკანონოა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ორგანიზაციების ვებგვერდებზე და დამატებითი დოკუმენტების გადაგზავნას ბიუროსთვის არ გეგმავენ.