არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეომასალასა და განცხადებას აქვეყნებს. შეიხი სოციალურ ქსელში წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავაც ერთგულია კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების, თანამშრომლობის ხიდების აგების, პროგრესისა და სტაბილურობის ხელშეწყობის.
ვიზიტს ისტორიულს უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ორი ქვეყნის დაახლოებაზე აკეთებენ აქცენტს. ვიზიტის ფარგლებში, შეიხი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ავიაციის სფეროებში.
მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებებიც გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას კი „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეიხს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.