ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

თეთრიწყაროს ფაქტის გათვალისწინებით, ბოლო 24 საათში, „კოვიდ-19“-ის სულ ცხრა ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მძიმეა ორი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღევანდელი ფაქტებიდან ბოლნისს მხოლოდ ერთი ფაქტი უკავშირდება.

დანარჩენი პაციენტები საკარანტინო სივრცეებიდან არიან. ბოლო ორ კვირასთან შედარებით, დღეს გამოჯანმრთელებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საჩხერის კლინიკაში და ახლა უკვე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაფიქსირებული შემთხვევების შემდეგ, ექიმებს დამატებითი განმარტებების გაკეთება უწევთ. საუბარია პაციენტებზე, რომლებიც ორი ნეგატიური „პისიარ-ტესტის“ შემდეგ გაწერეს და საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, შემოწმების დროს კი ტესტმა ისევ დადებითი აჩვენა. ექიმების განმარტებით, ეს არა რეინფიცირება, არამედ ორგანიზმში არაცოცხალი ვირუსის არსებობაა, რა დროსაც ადამიანი გადამდები არ არის.