ახალი კომუნალური ტარიფები

შეცვლილი ტარიფები – პირველი იანვრიდან მოქალაქეებისა და კერძო სექტორისთვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადები იზრდება. სემეკ-მა შესაბამისი კომპანიების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის გამოც კომპანიები უკმაყოფილოები არიან. თუმცა, მთავრობა მოსახლეობის უმეტესობასა და კვების მრეწველობას ელექტროენერგიის ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს, ანალოგიური შეღავათით ისარგებლებენ წყლის გადასახადის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებიც.

გაზრდილი ხარჯები, ფინანსური კრიზისი და საინვესტიციო პროექტების შემცირება – ამ არგუმენტებით ამყარებდნენ საკუთარ მოთხოვნას ენერგოკომპანიები, რომლებიც 2017 წელს დადგენილი ტარიფის უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ელექტრომომარაგების რისკის ქვეშ დადგომას ვარაუდობდნენ.

რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფს, „ჯივიპის“ აბონენტებისთვის თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ტარიფი გაიზარდა როგორც გამრიცხველიანებული, ისე იმ აბონენტებისთვის, ვინც წყლის საფასურს სულადობის მიხედვით იხდის. თუმცა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, განხორციელებული პროექტების ფონზე, ტარიფის კიდევ უფრო ზრდას ელოდა, შესაბამისად, კომპანიაში არ გამორიცხავენ,   გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. დეკემბერში მიღებული ცვლილების თანახმად, სემეკი ელექტროენერგიის ტარიფს უკვე ხუთი წლის ვადით ადგენს. წყალმომარაგების ტარიფს, კი ისევ სამი წლით განსაზღვრავს.