აგრარული ბაზრები გაიხსნა

გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ ფუნქციონირება დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციას, მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვას, ტარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას.

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა, რაშიც აქტიურად არის ჩართული ბაზრის ადმინისტრაცია. ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.