აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ისინი დილიდან გაიფიცნენ, მუშაობაზე უარი განაცხადეს და დაპირებული პრემია მოითხოვეს. ცოტა ხნის წინ ქარხნის დირექტორთან შეხვედრაც შედგა, თუმცა, სახელფასო დანამატის გაცემაზე უარი მიიღეს.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხელფასი დაბალია და მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება გასამრჯელოს 20-პროცენტიან მატებაზე და ასევე პრემიის გაცემაზე. შეკრებილები ამბობენ, რომ თუ ქარხანა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისინი დღესვე გააგრძელებენ მუშაობას. ქარხანაში 450 ადამიანია დასაქმებული.