აჭარაში გიდები ტურისტული დიპლომატიის კურსს გადიან

აჭარაში გიდები ტურისტული დიპლომატიის სპეციალურ კურსს გადიან. სამი დღის განმავლობაში რეგიონში მომუშავე გიდები და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნობიან.

კურსზე ლექციებს მოქმედი ელჩები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები კითხულობენ. სწავლება უკვე გაიარეს თბილისში მოქმედმა გიდებმა. ბათუმის შემდეგ, ტურისტულ დიპლომატიას ქუთაისში მოქმედი გიდები გაივლიან. ტურისტული დიპლომატიის კურსი საგარეო უწყების, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერაა მომზადებული.