თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. დედაქალაქში რიგით მეხუთე საიუბილეო ღონისძიება 22-23 ოქტომბერს გაიმართება. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. წელს მთავარი თემა და სლოგანია – „ინვესტიცია დაკავშირებადობაში – ზრდა სტაბილურობაში“.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 2 000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა და ციფრული ტრანსფორმაცია. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.