28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდება

საქართველო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებასთან ერთად, მკაცრ შეზღუდვებს უბრუნდება. ახალი რეგულაციები ორ დღეში ამოქმედდება და ორთვიან პერიოდს მოიცავს. თუმცა, იქნება გამონაკლისი შემთხვევები ახალი წლის წინა დღეებში, შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება იანვრის მეორე ნახევარშიც.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება თბილისსა და დიდ ქალაქებში, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილის ონლაინრეჟიმზე გადასვლა, „კომენდანტის საათის“ გახანგრძლივება – ეს აკრძალვების მხოლოდ ნაწილია, რომლითაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შენელებას ცდილობენ. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, იანვრის ბოლოს ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ახლანდელთან შედარებით, ორჯერ ან მეტჯერ უნდა შემცირდეს.

დაანონსებული შეზღუდვები არ გავრცელდება აფთიაქებზე, სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიებზე. მუშაობას განაგრძობს საბანკო-საფინანსო სექტორი, ასევე სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. არ იზღუდება არც ავტოტექმომასახურებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისები. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებას განაგრძობს აგრარული ბაზრობებიც. საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე მონაკვეთის გარდა, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის – ტაქსით გადაადგილება.