დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია – ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელოდება. მიზეზი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის კარიერაშიც ეს დღე უმნიშვნელოვანესია. ის მეორე ქართველი ფეხბურთელი იქნება კახა კალაძის შემდეგ, რომელიც ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს.
საფრანგეთის თასის ფინალამდე შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, ხვიჩა მომჯობინდა და ფინალური მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. მან გუნდთან ერთად „ალიანც არენაზე“ უკვე ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული გუნდის წევრი არ ჰყავს და ფინალისთვის ყველა მოთამაშე მწყობრშია. ლუის ენრიკეს განკარგულებაში 22 ფეხბურთელია.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და მილანის „ინტერის“ მატჩი მიუნხენში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.