კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

უკიდურესად არის დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ფონი – „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე ნახტომისებურად იზრდება. თითქმის 1 400-მდე ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალში დაფიქსირდა. წითელი ზონებია თბილისი, აჭარა, იმერეთი. აჭარაში გუშინდელი კლების შემდეგ ვითარება დღეს ისევ გაუარესდა.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 14 პაციენტს შორის ერთი 30 წლამდე ასაკისაა, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. მკვეთრად იმატებს მიმართვიანობა ოჯახის ექიმებთან და გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზთან, რის გამოც ოჯახის ექიმებთან დამატებითი ჯგუფების და ახალი კლინიკების მობილიზება გახდა საჭირო. სამწუხაროდ, უახლოესი ერთი თვის პროგნოზი მძიმეა.