თბილისის ორ კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი კორონავირუსით პაციენტის დაინფიცირების გამო, დროებით დაიხურა. კლინიკის სტრატეგიული ხელმძღვანელის, ეკა სანიკიძის განცხადებით, პაციენტი იმის გამო გამოიკვლიეს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. შედგენილია იმ ადამიანების სია, ვისთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა.

დროებით დაიხურა კლინიკა „თიმიც“, სადაც კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა. მედპერსონალი, რომელსაც დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა, ორკვირიან კარანტინს გაივლის. აღნიშნულის გამო, იზოლაციაში იმყოფება თავად კლინიკის დირექტორიც.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ნაწილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო რამდენიმე მძიმე პაციენტი კლინიკაში რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.