​ ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები გააცნო. მან ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ 2023 წლის სამ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, 3.3 მილიარდი დოლარით რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე – გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე გაიმართება. მისივე თქმით, 2023 წელს ბაკურიანში წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პროცესზეც ილაპარაკა. დასასრულს კი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეკითხვებს უპასუხა.