ზვიად კვაჭანტირაძე გიორგი კანდელაკს - ჩვენს სამშობლოში გიცნობენ, როგორც „სიცრუის მანქანას“, შეწყვიტეთ ტყუილები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების არასწორი ინტერპრეტაცია
ზვიად კვაჭანტირაძე გიორგი კანდელაკს - ჩვენს სამშობლოში გიცნობენ, როგორც „სიცრუის მანქანას“, შეწყვიტეთ ტყუილები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების არასწორი ინტერპრეტაცია

ჩვენს სამშობლოში გიცნობენ, როგორც „სიცრუის მანქანას“, შეწყვიტეთ ტყუილები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების არასწორი ინტერპრეტაცია, – ასე მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიორგი კანდელაკს, რომელიც სიტყვით გამოვიდა. კანდელაკის თქმით, ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა.

„არსებით საკითხებზე უნდა მესაუბრა, თუმცა უნდა დავიწყო ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისადმი მოთხოვნით, შეწყვიტონ ტყუილები. ჩვენს სამშობლოში თქვენ გიცნობენ, როგორც „სიცრუის მანქანას“, გთხოვთ, შეწყვიტეთ ტყუილი და სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების არასწორი ინტერპრეტაცია.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა და ნამდვილ გზაგასაყარზე აღმოჩნდა. შეიძლება, რუსეთის კონტროლის ქვეშ დავბრუნებულიყავით ან შეგვეძლო, აგვერჩია გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ბევრად სწრაფად წაიყვანდა წინ, დასავლური ღირებულებებისკენ. ეს გზა არ ყოფილა გამოწვევების გარეშე. საბედნიეროდ, ერს ჰყავდა შესანიშნავი გზამკვლევი ჩვენი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელიც დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატია. სამწუხაროდ, ბევრმა აირჩია მარტივი გზა და აჰყვა რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა კავშირთან ძალიან მჭიდრო კავშირების მქონე პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ტყუილებს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, საქართველო ამაყი ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობას იმისთვის, რომ თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის მხრიდან შევიწროებას და საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ თანამედროვე რუსეთის მხრიდან აგრესიას.

„ჩვენთვის აშკარა იყო, რომ იმ ადამიანის არჩევა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ამაყობს იმ სამუშაოთი, რომელსაც საბჭოთა კავშირისთვის ასრულებდა, იქნება ერისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და გამოწვევა რუსეთისთვის, ჩაერიოს საქართველოს საქმეებში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აქციოს ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის სატელიტად. ვაშაძე იყო ერთგული საბჭოთა დიპლომატი, მუშაობდა მოსკოვში 1976-1993 წლებში. სამწუხაროდ, მან პირადად აწარმოა ქალი კანდიდატის წინააღმდეგ უღირსი კამპანია. რაზე ვსაუბრობთ აქ? საქართველომ გააკეთა სწორი არჩევანი და მე, პირადად, ვამაყობ, რომ ვიცნობ წლების განმავლობაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ბოლო წლებში მასთან ვთანამშრომლობდი. წარმატებას ვუსურვებ მას კარიერაში“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.