გიორგი კანდელაკი - ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა
გიორგი კანდელაკი - ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა

ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს, შეიქმნას ინფორმირებული აზრი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, უნდა წაიკითხოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიში.

„ეს ბევრად ავტორიტეტული და მიუკერძოებელი წყაროა, ვიდრე მე ან ჩემი კოლეგა მმართველი პარტიიდან. ბევრ თქვენგანს ახსოვს 1990-იანი წლების საქართველო – შეუმდგარი სახელმწიფო; სამოქალაქო ომი; კორუფცია; გატაცებები. გადავინაცვლოთ 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“, რადიკალური რეფორმები, რომლებიც უნივერსალურად შეფასდა, როგორც წარმატებული; კორუფცია აღმოიფხვრა, ქმედითი ინსტიტუტების შენება, ამ პროცესის კულმინაცია გახდა 2012 წელს მთავრობის არჩევნების გზით პირველი შეცვლა. კარგად ცნობილია, იმისთვის, რომ საზოგადოება მიიჩნეოდეს შეუქცევადად დემოკრატიულად, მას სჭირდება მთავრობის საარჩევნო ყუთებით შეცვლა არა ერთხელ, არამედ ორჯერ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისი თქმით, საქარველოს ეს გამოცდა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.

„ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა. ეს 1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში არჩევნების ყველაზე კრიტიკული შეფასებაა. მინდა, მოგმართოთ შეკითხვით. თუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოისყიდის მოქალაქეების არსებითი რაოდენობის საბანკო დავალიანებებს, არ არის ეს ამომრჩეველთა მოსყიდვა? არის ეს კანონიერი თუ არა? ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ეს ქმედება მკაფიოდ შეაფასა, როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვა. თუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის წევრი დეპუტატის ძმა და ბანდიტები ხელკეტებით დაარბევენ ოპოზიციის ოფისს, სცემენ ყველას, გაუტეხავენ ძვლებს, თუმცა არავის დააკავებენ, ნორმალურია ეს თუ არა? ეს არის სწორედ ის, რაც აღწერილია მრავალ ანგარიშში. თუ ყველა შემოწირულობების 80% მიდის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ერთ კანდიდატთან, ეს ნორმალურია?

თუ სამთავრობო კანდიდატის შემომწირველები შემდეგ დაიწყებენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერების მოგებას, რაზეც ყველაზე ავტორიტეტული დამკვირვებლები ამბობენ, რომ ეს არის კორუფციის ნიშნები, მისაღებია ეს თუ არა? საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია: „საარჩევნო უბნებთან შექმნილმა გარემომ გააძლიერა შეშფოთება ამ ადამიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ხმა მისცენ შურისძიების შიშისგან თავისუფლად. ზეწოლის ამ შემთხვევებმა გამოიწვია შეშფოთება ამომრჩევლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ხმა მისცენ შურისძიების შიშისგან თავისუფლად“. ეს ნორმალურია? ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც განაცხადა, რომ განათლების სამინისტრის მხრიდან მასზე განხორციელდა დიდი ზეწოლა მშობლებში კამპანიის ჩასატარებლად. განათლების მინისტრი ჯერ არ წარმდგარა პარლამენტის წინაშე. ეს ტრაგედია უნდ იყოს გამოძიებული და საქართველოში არც ერთი საჯარო მოხელე არ უნდა განიცდიდეს ზეწოლას საარჩევნო კამპანიაში ჩასართავად“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.