ზურაბ ფაღავა - კორონავირუსი გულის ქრონიკული უკმარისობის გამომწვევი არ არის

თვითონ კორონავირუსი არ არის გულის ქრონიკული უკმარისობის გამომწვევი, – ამის შესახებ კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

პირადი ექიმი

„ძირითადად, ე.წ. კორონავირუსი და მისით გამოწვეული დაავადება არის ჩვეულებრივი გაციება და 85% შემთხვევაში ძალიან იოლად წარიმართება. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ 15%-ზე, სადაც ეს დაავადება გარკვეული გართულებებით მიმდინარეობს. მთავარია იმის ცოდნა, რომ თვითონ კორონავირუსი არ არის გულის ქრონიკული უკმარისობის გამომწვევი. როდესაც ჩინეთში პაციენტები შეისწავლეს, გამოირკვა, რომ ვირუსის ინფილტრაცია მიოკარდში არ ხდებოდა. ანუ, თვითონ ეს ვირუსი არ იწვევდა გულის დაავადებას“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

მისი თქმით, მეორე საკითხია ის, რომ ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა ინფექციურმა დაავადებამ და ძლიერმა სტრესმა, შეიძლება, კორონავისრუსმაც გამოიწვიოს დეკომპენსაცია, ანუ გულის უკვე არსებული დაავადების გამწვავება.

„გულის ქრონიკული უკმარისობა წარმოადგენს გულის, როგორც ტუმბოს უკმარისობას. გული არის ტუმბო, რომელიც პასუხისმგებელია, ორგანიზმისთვის საჭირო სისხლის რაოდენობა გადატუმბოს. როდესაც ორგანიზმის მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ გულს არ შეუძლია, ის სისხლით დააკმაყოფილოს, ვითარდება ამ ტუმბოს, გულის უკმარისობა და კორონავირუსით გამოწვეული დაავადების დროს შეიძლება, სწორედ ამგვარი სიტუაცია შეიქმნას“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

ამ განცხადებით ზურაბ ფაღავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არიან მაღალი რისკის ჯგუფში ის ადამიანები, ვისაც უკვე დადგენილი აქვს რამე მიზეზით განვითარებული გულის უკმარისობა.

შეკითხვაზე, რა უნდა იცოდნენ ახალ გამოწვევასთან მიმართებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტებმა, კარდიოლოგმა განაცხადა, რომ მათ შემთხვევაში პროფილაქტიკური წესები ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებსაც გულის უკმარისობა აქვთ, ამ წესებს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იცავდნენ, რადგან მათ შემთხვევაში, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება შედარებით რთულად წარიმართება.

მარი მალაზონიას შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა გადახედვა დადგენილ სტანდარტულ სქემებს, რომლითაც პაციენტები არტერიული წნევის სტაბილური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად სარგებლობენ და როგორ უნდა მოიქცეს იზოლაციაში მყოფი ადამიანი, თუ მას წნევის რეგულირების პრობლემა შეექმნება, ფაღავამ განაცხადა, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მართვის წესები არავითარ გადახედვას არ საჭიროებს.

„პაციენტებმა კიდევ უფრო სკურპულოზურად უნდა მიიღონ ის წამლები, რომელსაც იღებენ და კიდევ უფრო მეტი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ საკუთარ ექიმთან, რომ შესაძლო დაინფიცირების შემთხვევაში ახალ ინფექციას უფრო მზად შეხვდენენ“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

კარდიოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი სამედიცინო პერსონალი ჰყავს, აქვს ძალიან კარგად აღჭურვილი კლინიკები და ქართველი ექიმები სირთულეს წარმატებით გადალახავენ.