ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „აიაქსში“ დაბრუნება არ გამორიცხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „აიაქსში“ დაბრუნება არ გამორიცხა

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ მზად არის ამსტერდამის „აიაქსში“ დასაბრუნებლად, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული და სკანდალური შვედი „აიაქსში“ 2001-04 წლებში თამაშობდა.

„ჩვეულებრივ, არ ვბრუნდები კლუბებში, სადაც უკვე ვითამაშე, მაგრამ, შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ, „აიაქსის“ მენეჯერი გავხდე. მე უკეთ გავუძღვები საქმეს, ვიდრე ნებისმიერი, ვინც ახლა იქ ზის“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა „დე ტელეგრაფთან“ (De Telegraaf) კომენტარში.

ზლატანი „გელაქსიში“ 2018 წლიდან თამაშობს. მას ასევე უთამაშია – „მალმიოში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, „მილანში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“. ამ დროის განმავლობაში, იბრაჰიმოვიჩმა 31 ტიტული მოიპოვა.