ზივზივაძემ სეზონი გოლით დააგვირგვინა - ბუდუ ბრინჯაოს მფლობელია #1TVSPORT
ზივზივაძემ სეზონი გოლით დააგვირგვინა - ბუდუ ბრინჯაოს მფლობელია #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და ამით საქართველოს ნაკრების და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა სეზონი დაასრულა.

27 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდი, „ფეჰერვარი“ ბოლო 33-ე ტურში „დიოშგიორს” ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. 79-ე წუთზე კი მესამე გოლის ავტორი გახდა.

ამით უნგრეთში სეზონი დასრულდა. „ფეჰერვარსვიცე-ჩემპიონობის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისმა კონკურენტმა „პუშკაშის აკადემიამ“ „ბუდაფოოკი“ 5:0 დაამარცხა და 58 ქულის მქონე კონკურენტს ქართველის გუნდი ვეღარ დაეწია. „ფეჰერვარმა“ ჩემპიონატი 56 ქულით დაასრულა, მე-3 ადგილზე გავიდა და 2021/22 წლების ევროსეზონზე კონფერენციათა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მონაგარი ურიგო ნამდვილად არაა – ზივზივაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი და უნგრეთის თასის ფინალისტი გახდა. რაც შეეხება მის პირად მიღწევებს – უნგრეთის ჩემპიონატის 31 შეხვედრაში ბუდუმ 9 გოლი გაიტანა, ხოლო უნგრეთის თასის 4 მატჩში 3 გოლი და სეზონი 12 გოლით დაასრულა.