ბუდუ ზივზივაძე - შარშან ამ სტადიონზე ზუსტად ასეთი გოლი გავიტანე [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - შარშან ამ სტადიონზე ზუსტად ასეთი გოლი გავიტანე [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში „ფეჰერვარმა“ ბუდაპეშტში მტკ გასვლაზე 1:3 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი მოედანზე შესვლიდან 31 წამში გაიტანა. 

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 30 შეხვედრაში რვაჯერ გაიტანა, მაგრამ მისთვის ეს გოლი მნიშვნელოვანი გამოდგა, რაზეც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„გამიხარდა, რომ გავიტანე და გუნდს მოგებაში დავეხმარე, მაგრამ არანაკლებ ის მახარებს, რომ სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ზედიზედ ათი შეხვედრა გოლი გატანილი არ მქონდა. თანაც, ეს პერიოდი ახალი მწვრთნელის მოსვლას დაემთხვა. მანაც აღნიშნა, რომ ეს გოლი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ თასის ფინალამდე უფრო თავდაჯერებულს გამხდის“, – ამბობს ზივზივაძე.

26 წლის თავდამსხმელის თქმით, მსგავსი გოლი შარშანაც გაიტანა: „ლამაზი გოლი იყო და ეს კიდევ უფრო სასიხარულოა. სხვათა შორის, შარშან ამ სტადიონზე ზუსტად ასეთი გოლი გავიტანე. ახლაც ბურთი დააახლოებით იგივე პოზიციაზე რომ მივიღე, მაშინვე ვიფიქრე, რომ კიდევ გავიტანდი“.

ზივზივაძის გუნდი უნგრეთის თასის ფინალშია – 3 მაისს „ფეჰერვარი“ ტიტულისთვის გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ დაუპირისპირდება: „წელს „უიპეშტს“ სამივე თამაში იოლად მოვუგეთ, მაგრამ ახლა უნგრეთის თასის ფინალში ვითამაშებთ, ასეთი მატჩები კი ყოველთვის უფრო გამორჩეული და რთულია, მოგების გარანტია კი არავის აქვს. ფინალში ზედიზედ მეორედ გავედი, შარშან „მეზოკოვეშდში“ ჩავატარეთ და წავაგეთ. არ მინდა, რომ წელს წარუმატებლად დავასრულოთ. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. დიდი სურვილი მაქვს, რომ გიორგის გუნდთან კარგად ვითამაშოთ და თასი მოვიპოვოთ“.