ყაზაიშვილმა გუნდს ამჯერად ასისტით მოაგებინა - ქართველის გუნდი ლიდერს დაეწია #1TVSPORT
ყაზაიშვილმა გუნდს ამჯერად ასისტით მოაგებინა - ქართველის გუნდი ლიდერს დაეწია #1TVSPORT

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-9 ტურში ვაკო ყაზაიშვილმა თავი ისევ გამოიჩინა. მართალია, ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშის გუნდი „ულსანი“ გასვლაზე ბოლოადგილოსან „სუვონს“ ესტუმრა და პირველ ტაიმში რთულ ვითარებაში ჩავარდა, რადგან 42-ე წუთზე სტუმართა მცველი კიმ ტაე-ჰეონი გააძევეს. გამარჯვების გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ 92-ე წუთზე გავიდა.

ყაზაიშვილი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და საფინალო სასტვენამდე, 94-ე წუთზე დროის გასაყვანად შეცვალეს. საქართველოს ნაკრების შემტევმა ამ დროისთვის თავისი საქმე გააკეთა – 92-ე წუთზე, საგოლე გადაცემა შეასრულა და კიმ ინ-სუნგმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

ყაზაიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი – წინა მატჩში მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა იყო, ხოლო აზიის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულმა „ულსანმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა და ლიდერს, „ჯეონბუკ მოტორსს“ დაეწია.