ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონზე ფეხბურთელებს პლედებით გათბობა სჭირდებათ - მიზეზი გაგრილების ეფექტური სისტემაა
ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონზე ფეხბურთელებს პლედებით გათბობა სჭირდებათ - მიზეზი გაგრილების ეფექტური სისტემაა

ირანული კლუბის „პერსეპოლისის“ ფეხბურთელები აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ყატარის „ალ-სადის“ წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზე პლედებით თბებოდნენ. ასეთი ეფექტი აქვს გაგრილების სისტემას ყატარის სტადიონ „ედიუკეიშნ სიტიზე“, სადაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.

სექტემბერში ყატარში ტემპერატურა 40 გრადუსამდე თბება, მაგრამ გაგრილების ინოვაციური ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა – სტადიონის შიგნით მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს კომფორტული ტემპერატურა 20 გრადუსის ფარგლებში.

სტადიონებზე გაგრილების სისტემის გამოყენება ყატარის განაცხადის ნაწილი იყო, როცა ეს ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოდა. ტექნოლოგიებზე მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. თითოეული სტადიონისთვის შემუშავდა საკუთარი არქიტექტურა და გაგრილების სისტემის სპეციფიკაცია, რომელიც ითვალისწინებდა არენის კონსტრუქციების თავისებურებებს. კომფორტული ტემპერატურის მისაღებად, გაგრილების სისტემა თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე მოჰყავთ მოქმედებაში.

ყატარში უკვე სამი სტადიონია მზად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მისაღებად – „ალ ჯანუბი“, „ედიუკეიშნ სიტი“ და „ხალიფას საერთაშორისო სტადიონი“.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.