წვიმის ღმერთი - აირტონ სენას გამოჩენა დიდ სცენაზე [ვიდეო] #1TVSPORT

უამრავი ექსპერტის აზრით, გასული საუკუნის 80-იანი წლები „ფორმულა 1“-ის ოქროს ხანად მიიჩნევა. საჭე მხოლოდ მანქანას მართავდა, კოლოფი მექანიკური იყო, ჯერ კიდევ ბევრი რამ ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ყველაზე მეტად კი, რამაც ის პერიოდი განსაკუთრებულად აქცია, ერთი დეტალი იყო – ყველა ძლიერი მრბოლელი, რომელიც ამ წლებში გამოდიოდა, თითქმის ერთდროულად შევიდა ფორმისა თუ განვითარების პიკში.

მაგრამ მაინც, იყო ერთი, სხვებისგან გამორჩეული და განსაკუთრებული მრბოლელი, რომელმაც „ფორმულას“ სამყარო თავდაყირა დააყენა და ყველას ამ ახალგაზრდა ბრაზილიელი ბიჭის შიში გაუჩინა – ეს იყო აირტონ სენა.

მრბოლელის კარიერა 13 წლისამ დაიწყო, როცა დამ ნაჩუქარი კარტინგის მანქანა იუარა და აირტონს გადაულოცა. კარტინგის სკოლიდან „ფორმულა 3“-ში ამოსულმა აირტონმა 1983 წელს ტიტული მოიგო და მომავალ წელს უკვე „ფორმულა 1“-ში ტოულმენის გუნდს შეუერთდა.

სენა მორწმუნე იყო და „ფორმულა 1“-ში მოხვედრას ღვთისგან მიცემულ შანსად მიიჩნევდა. თვლიდა, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაშიც სწორედ ეს ეხმარებოდა.

მალევე გაირკვა, რომ ტოულმენი სენას მიზნებსა და შესაძლებლობებს არ შეესაბამებოდა, თუმცა შესანიშნავი გუნდი გამოდგა იმის გამოსავლენად, რომ ბრაზილიელის შესაძლებლობები უსაზღვრო იყო.

პირველი საოცრება სწორედ ამ გუნდის ბოლიდით ჩაიდინა – მონაკოში, წვიმიან დღეს ყველას დაანახვა, რომ ჩემპიონატში რაღაც ახალი, განსაკუთრებული ხდებოდა:

პოლ-პოზიციას ალენ პროსტი იკავებდა, მეორეზე ნაიჯელ მანსელი იყო, სენა კი მე-13 პოზიციიდან იწყებდა. ეს მისთვის პირველი რბოლა იყო მონაკოში და მარტივი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ წვიმა ხომ კარგ მრბოლელებსა და საუკეთესებს ერთმანეთისგან საგრძნობლად გამოყოფს. ასეც მოხდა – სენამ მე-19 წრეზე იმ დროისთვის უკვე ვეტერანი ნიკი ლაუდა უკან ჩამოიტოვა, მეორე პოზიციაზე გადავიდა და წინ მხოლოდ ალენ პროსტიღა რჩებოდა, რომელთანაც ელვისებურად ამცირებდა მანძილს. ეს იყო კაპოეირა (აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება) მანქანით, ხალხს ძალიან მოსწონდა შეუპოვარი და რისკიანი ახალგაზრდა მრბოლელი. პროსტმა წვიმის გამო რბოლის შეწყვეტა მოითხოვა, FIA-მ მას მოთხოვნა დაუკმაყოფილა.

პროფესორმა ამ დღეს პოდიუმის მწვერვალი შეინარჩუნა, თუმცა ბრაზილიელის ბრწყინვალებამ მაინც დაჩრდილა მისი პირველი ადგილი. სენა პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. მან მანქანის შესაძლებლობებს გადააჭარბა, ყველაზე ცუდ პირობებში, რაც შეიძლება მრბოლელს შეექმნას.

აირტონმა ღმერთის მიერ მიცემული შანსი გამოიყენა. 1985 წელს „ლოტუსს“ შეუერთდა, გუნდი მას ყველანაირად ერგებოდა. ჰყავდა უკეთესი მანქანა და მიეცა შესაძლებლობა, გაეწია კონკურენცია სხვებისთვის.

ახალ გუნდთან ერთად ჯერ კიდევ მეორე რბოლაში, პორტუგალიის გრან პრიზე მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება და აიხდინა ოცნება, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა. ამ გამარჯვებით სენა ბრაზილიას უდიდესი ტკივილის გადატანაში დაეხმარა. სწორედ ამ დღეს, როდესაც სენამ რბოლა პირველად მოიგო, ბრაზილიის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დიქტატურის დასრულების შემდეგ ჰყავდათ არჩეული, გარდაიცვალა.

6 მოგებული გრან პრის, ჯამში 19 პოდიუმის შემდეგ, უკვე ნათელი იყო, რომ აირტონ სენა „ლოტუსის“ საზღვრებსაც გასცდა.

1988 წელი – ახალი საფეხური, „მაკლარენ-ჰონდა“. პერფექციონიზმს, ნიჭსა და სითამამეს დამატებული გამოცდილება – აირტონ სენა დიდი საშიშროება იყო ალენ პროსტისთვის. მეორე ნომრად გამოსვლა არცერთისთვის არ იყო მისაღები.

პროფესორის ზუსტი გათვლები ჩემპიონატის პირველ პოზიციაზე დასასრულებლად რბოლებს სანახაობას აკლებდა, თუმცა სიზუსტეს მაქსიმუმამდე ზრდიდა, ის იყო მოჭადრაკე ბოლიდის საჭესთან. სენა კი ქულას არ დათმობდა იმის დასამტკიცებლად, რომ სხვებზე უკეთესი იყო. მისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა მხოლოდ პირველობა, ის საუკეთესოობისთვის იბრძოდა.

1988 წლის ჩემპიონატი ბრაზილიაში გაიხსნა. სენამ კვალიფიკაციაზე საუკეთესო დრო აჩვენა, მეორე დღეს კი ბრძოლიდან დისკვალიფიკაციის გამო მოხსნეს. ცუდი სტარტის შემდეგ იყო პირველი ადგილი სან მარინოში, შემდეგ – შეცდომა მონაკოში და ავარია. მონაკო გადამწყვეტი აღმოჩნდა, რეაბილიტაცია მალევე მოახერხა – მომდევნო 8 რბოლიდან 6 მოიგო და საჩემპიონო ბრძოლაში პროსტს გადაასწრო, თუმცა ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ჩემპიონის ვინაობა ბოლოს უნდა გარკვეულიყო.

სეზონის მე-15 რბოლა იაპონიაში, სუზუკას ავტოდრომზე იმართებოდა. სენა გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას ინაღდებდა. პოლ-პოზიცია სწორედ ბრაზილიელს ეკავა. წითლის შემდეგ მწვანე შუქი აინთო, თუმცა სენას ბოლიდს სტარტზე პრობლემები შეექმნა, დაძვრისას მე-14 პოზიციაზე აღმოჩნდა, პროსტი კი, რბოლის სათავეში. სენა ნელ-ნელა ლიდერობისკენ მიიწევდა, უეცრად კი მისი საყვარელი რამ მოხდა – წვიმა დაიწყო: სენა მეოთხე ადგილზეა, სიჩქარეს კრეფს და პროსტს უახლოვდება, აირტონ სენა გარე ტრაექტორიიდან გადის და პროსტს უსწრებს…

„ბოლო წრეზე მადლობების გადახდა დავიწყე. უფალს მადლობას ვუხდიდი, არ მჯეროდა, რომ ჩემპიონატს ვიგებდი. ამ მღელვარებისა და დაძაბულობის მიუხედავად, ვიგრძენი – ღმერთი ჩემ გვერდით იყო“.

ვიდეოს სრულად სანახავად ეწვიეთ აპლიკაციას – 1TVPLAY.