ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაყინონ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელნი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაყინონ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელნი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაყინონ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ ზელენსკიმ 19 მარტს შვეიცარიის პარლამენტში ვიდეოკავშირით ჩართვისას განაცხადა.

„როგორც მე მინდოდა, რომ უკრაინელებს შვეიცარიელებივით ეცხოვრათ, ასევე მინდა, თქვენც იყოთ და დაემსგავსოთ უკრაინელებს ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში; ისე, რომ თქვენი ბანკების შესახებ კითხვა არ არსებობდეს, სადაც ყველა იმ პირის ფულია, ვინც ეს ომი გააჩაღა. ეს მტკივნეული და უსიამოვნოა. მაგრამ ეს ასევე არის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ. ამ ადამიანების აქტივების, მათი ანგარიშების სრული გაყინვა აუცილებელია. ეს დიდი ბრძოლაა და თქვენ ეს შეგიძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე მოუწოდა შვეიცარიის ხელისუფლებას ასეთი ადამიანებისთვის შვეიცარიაში ცხოვრებით „ტკბობის პრივილეგიის“ ჩამორთმევისკენ.

„მინდა, რომ უკრაინელებს ჰგავდეთ, როდესაც საქმე ბიზნესს ეხება. ბიზნესს, რომელიც რუსეთში მუშაობს, ამ ომის მიუხედავად. ჩვენი მოკლული ბავშვების, ჩვენი მოკლული ადამიანების მიუხედავად. დანგრეული ქალაქების მიუხედავად, ისევე, როგორც ქალაქი მარიუპოლი, გმირული მარიუპოლი, რომელიც კვირების განმავლობაში სრულ ბლოკადაშია. წარმოიდგინეთ – არც საკვები, არც წყალი, არც ელექტროენერგია. პირდაპირ ბომბების ქვეშ. კარგი საკვები, კარგი ცხოვრება – ეს არის „ნესტლეს“ სლოგანი, თქვენი კომპანიის, რომელიც რუსეთის დატოვებაზე უარს ამბობს და ახლაც, როდესაც იქიდან ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ ისმის მუქარა. არა მარტო ჩვენთვის; როდესაც ბირთვული შანტაჟიც კი ისმის რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.