ვოლოდიმირ ზელენსკი – ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, მნიშვნელოვანი საუბარი იყო, შევთანხმდით ნიუ იორკში შეხვედრაზე, ამ შეხვედრამ შეიძლება, ბევრი რამ შეცვალოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, რა დროსაც ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ზელენსკის თქმით, ის ტრამპს ნიუ იორკში შეხვდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან მადლობა გადაუხადა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კიევში ვიზიტისთვის. მისივე თქმით, მშვიდობის გზა უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
„მე ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბარი და ჩვენ ბევრი რამის განხილვა მოვახერხეთ. ჩვენ შევთანხმდით ნიუ იორკში შეხვედრაზე და ამ შეხვედრამ შეიძლება, ბევრი რამ შეცვალოს. არსებობს დიპლომატიური იმპულსი. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტისთვის. საფუძვლიანად განვიხილეთ ძირითადი დეტალები და მათ პირადად ნახეს უკრაინაში არსებული სიტუაცია. მშვიდობის გზა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. არსებობს იდეები დეესკალაციის ნაბიჯებისა და ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხების – ენერგეტიკული უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის – მოგვარებისთვის. ჩვენ ერთად ვთანამშრომლობთ ამერიკულ გუნდთან და მზად ვართ, გადავდგათ მართლაც სერიოზული ნაბიჯები. მადლობა გადავუხადე ამერიკის პრეზიდენტს ლინდსი გრეჰემის კანონპროექტის კანონად ქცევისთვის, ხელმოწერისთვის. ყველანი ვეთანხმებით – მშვიდობა უნდა იყოს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 8 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ტრამპთან შეხვედრას სექტემბრის ბოლო კვირაში ელოდებოდა. 22 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და ორმხრივი შეხვედრების სერიას გამართავს.