ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებამ შესაძლოა, გაყინული კონფლიქტი გამოიწვიოს, რასაც კიევი მხარს არ უჭერს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებამ შესაძლოა, გაყინული კონფლიქტი გამოიწვიოს, რასაც კიევი მხარს არ უჭერს

უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებამ შესაძლოა, გაყინული კონფლიქტი გამოიწვიოს, რასაც კიევი მხარს არ უჭერს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის შესახებ ინიციატივას ძირითადად პოლონეთი უჭერს მხარს.

„ჩვენ არ გვჭირდება „გაყინული კონფლიქტი“ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მე ავუხსენი ეს ჩვენს პოლონელ კოლეგებს შეხვედრაზე. ვიცი, რომ მათ განაგრძეს რიტორიკა. ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები, მე კი პრეზიდენტი. და ჩვენ გადავწყვეტთ, იქნებიან თუ არა აქ გარკვეული ძალები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლომდე არ ესმის პოლონელი კოლეგების არგუმენტები ასეთი სამშვიდობო კონტინგენტის შემოღების აუცილებლობის შესახებ, თუ მათ არ შესთავაზებენ მონაწილეობას რუსულ ჯარებთან საომარ მოქმედებებში.