ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ურჩევნია ბრძოლის გაგრძელება, ვიდრე არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების მიღება
უკრაინას ურჩევნია ბრძოლის გაგრძელება, ვიდრე არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების მიღება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს ბრძოლა, თუ ეს არის ის, რაც ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
„უკრაინა არ წააგებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის ტაქტიკაა, არ დაუშვან, ამერიკელებმა იფიქრონ, რომ უკრაინას სურს ომის გაგრძელება.
„ჩვენ მიერ არჩეული ტაქტიკაა, რომ არ დავუშვათ, ამერიკელებმა იფიქრონ, რომ ჩვენ გვსურს ომის გაგრძელება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მათი წინადადებების მხარდაჭერა ნებისმიერ ფორმატში, რომელიც აჩქარებს პროცესს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება ომის დასრულება აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე.
„ვფიქრობ, ტრამპისთვის არ არსებობს უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.