ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს, რათა მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება ომის მალე დასასრულებლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს, რათა მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება ომის მალე დასასრულებლად

უკრაინა ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს, რათა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას უკრაინაში ვიზიტის პარალელურად, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების მიზნით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალ კვირაში მაქსიმალური დიპლომატიური აქტივობა იგეგმება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში. ჩვენ ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცედურების გავლას საზღვარზე. აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას. მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი. ეს მართლაც ისტორიული პროცესია. რა თქმა უნდა, დღეს ანჯეისაც ვესაუბრეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შესახებ. ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯებია საჭირო ჩვენი საერთო მიზნის განსახორციელებლად – უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის. მადლობელი ვარ ანჯეისა და პოლონელი ხალხის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოძრაობენ ამ გზაზე. საღამოს ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. ბორისს ვუთხარი ჩვენი შეხვედრის, მოლაპარაკებების, ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ვეძებთ გზებს, როგორ გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე, უკრაინაში საწვავის იმპორტის მოცულობა. ორშაბათს შევუერთდები დავოსის ფორუმზე დისკუსიებს. ეს არის ყველაზე გავლენიანი მსოფლიო ეკონომიკური პლატფორმა, სადაც უკრაინას აქვს სათქმელი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.