ვოლოდიმირ ზელენსკი - შემდეგი კვირა იქნება ძალიან დაძაბული, რადგან რუსეთი გადავა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით
ვოლოდიმირ ზელენსკი - შემდეგი კვირა იქნება ძალიან დაძაბული, რადგან რუსეთი გადავა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით

შემდეგი კვირა იქნება ძალიან დაძაბული, რადგან რუსეთი გადავა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი კიდევ უფრო მეტ რაკეტასა და საავიაციო ბომბს გამოიყენებს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე აქტიურად იმუშავებს და ქვეყანას იარაღით უფრო აქტიურად მოამარაგებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს გერმანიის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და აგრესორის მშვიდობისკენ იძულების გზებთან დაკავშირებით უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა.

„შეცდომები რომ არ ეღიარებინათ, რუსებმა ახალი შეცდომები დაუშვეს. მათ თავად ჩამოართვეს საკუთარ თავს ყოველგვარი პოლიტიკურ იარაღი. არ სურდათ, უარი ეთქვათ არარეალურ ამბიციებზე, დაიწყეს ეს ომი. მეტიც – როგორც დანარჩენში, დაგვადანაშაულეს, თითქოს ომი დავიწყეთ. მათ დაიპყრეს ყირიმი – და სავარაუდოდ ჩვენ ვართ დამნაშავე. რვა წელია, ჩვენს მიწაზე კლავენ ადამიანებს, ბავშვებს – და ვითომ ჩვენ ვართ დამნაშავე. მათ გაანადგურეს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მძლავრი ინდუსტრიული რეგიონი – და სავარაუდოდ ჩვენ ვართ დამნაშავე. მათ დაამსხვრიეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე – და სავარაუდოდ ჩვენ ვართ დამნაშავე. მათ ჩამოაგდეს მალაიზიური ბოინგი – და ვითომ ჩვენ ვართ დამნაშავე. მათ დაიწყეს სრულმასშტაბიანი ომი ჩვენ წინააღმდეგ – და ვითომ ჩვენ ვართ დამნაშავე. მათ უკვე დახარჯეს თითქმის ორი ათასი რაკეტა, უთვალავი ბომბი და საარტილერიო ჭურვები, ნაღმები უკრაინაზე თავდასხმებზე – სავარაუდოდ ჩვენ ვართ დამნაშავე. ჩვენს მიწაზე აწამეს და ხოცავდნენ – და ჩვენ ვართ დამნაშავე. მათ ასიათასობით უკრაინელი, უკრაინელი ქალი, ჩვენი შვილები გადაასახლეს – მაგრამ მაინც ჩვენ ვართ დამნაშავე. ეს ყველაფერი სიმხდალისგან მოვიდა. როცა სიმხდალე იზრდება, ის კატასტროფად იქცევა. როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისწავლონ, ისინი იქცევიან მონსტრებად. და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები გადაწყვეტენ, რომ სამყარო მათ უნდა მოერგოს. უკრაინა შეაჩერებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.