ვოლოდიმირ ზელენსკი – სამწუხაროა, რომ გარკვეული სირთულეები შეგვექმნა, ვგულისხმობ ბევრ სიურპრიზს, რომლებსაც არ უნდა ელოდე, როდესაც ნამდვილ პარტნიორობაზეა საუბარი, ჩვენ კი აშშ-თან პარტნიორობის იმედი გვაქვს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდა.
ბერნემმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება და ბრიტანული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარება დააანონსა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგიწოდათ. შენ კი ვოლოდიმირ, ლიდერობა გამოავლინე და განაცხადე, რომ მზად ხარ, დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილო, როგორ შეიძლება ამ შეთანხმების განხორციელება, რათა უკრაინის მოსახლეობა დაიცვა იმ მკაცრი ზამთრისგან, რომელიც ქვეყანას ელოდება. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ახალი თავდასხმები ვიხილეთ. მთელი მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, ვინ არის ამ კონფლიქტში აგრესორი. ასეთ ვითარებაშიც, ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენთვის ყველანაირი შესაძლო მხარდაჭერის გაწევას. დღეს ვაცხადებ, რომ დავაჩქარებთ ბრიტანეთში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემების თქვენთვის მოწოდებას და უზრუნველვყოფთ, რომ ისინი ადგილზე რაც შეიძლება მალე იყოს. ასევე, მთავრობის ყველა მინისტრს ვთხოვე, გააკეთონ ყველაფერი, რაც დამატებით შეუძლიათ, რათა მხარი დაგიჭირონ. ჩვენ მხარდაჭერის გაწევის ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ“, – განაცხადა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ზელენსკიმ ისაუბრა რუსეთის თავდასხმებზე, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივასა და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაში წარმოქმნილ სირთულეებზე.
„ჩვენ 39 ბალისტიკური რაკეტითა და ასობით ირანული დრონით დაგვარტყეს. კვლავ დაიღუპნენ ადამიანები და კვლავ ბევრია დაჭრილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რასაც ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა ჰქვია. ეს რუსეთის მხრიდან ესკალაციის გაგრძელებაა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტისთვის. არაერთხელ განვაცხადეთ და შევახსენეთ პრეზიდენტ ტრამპსაც და ყველა სხვა ქვეყანასაც, რომ რუსული ოკუპაციის დაწყებიდანვე მზად ვიყავით, შეგვეჩერებინა ეს ომი, დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და გვესაუბრა. ნებისმიერი დიალოგი თავდასხმებზე უკეთესია. დღეს ჩვენ მასშტაბური თავდასხმების სამიზნე გავხდით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა „სტარლინკთან“ და სადაზვერვო ინფორმაციასთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებზეც ისაუბრა.
„სამწუხაროა ისიც, რომ გარკვეული სირთულეები შეგვექმნა. ენდისთან სწორედ ამ საკითხებზე მინდა საუბარი – „სტარლინკსა“ და სადაზვერვო ინფორმაციასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ბევრ სხვადასხვა სიურპრიზს, რომლებსაც არ უნდა ელოდე, როდესაც ნამდვილ პარტნიორობაზეა საუბარი. ჩვენ კი შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის იმედი გვაქვს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, ვიყოთ ძალიან გულწრფელები, ძალიან პირდაპირები და ვიყოთ ძლიერი პარტნიორები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ კომპანია SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის „სტარლინკის“ ტერმინალების მუშაობის სიჩქარე შეზღუდა. მისი თქმით, კომპანიამ მოძრავი „სტარლინკის“ ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა 14 ოქტომბრის ღამეს აამოქმედა. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ქვეყანასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა შეწყვიტოს.