ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულება ძალიან გვინდა, დღეს ამისთვის ყველა შესაძლებლობა არსებობს, ტრამპს სურს ომის სწრაფად დასრულება, ის ძლიერია, მაგრამ ევროპელებთან ერთად გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 2025 წელს დასრულება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა აუცილებელი ზომების მიღება. კერძოდ, მისი თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
„ჩვენ ეს ძალიან გვინდა. თუ გულწრფელად ვიტყვით, ჩვენ ყოველ წელს ძალიან გვინდოდა, რომ დასავლელ პარტნიორებს ჰქონოდათ საკმარისი ძალა, პუტინი ეიძულებინათ, დაესრულებინა ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ 2025 წელს გაჩნდა ყველა შესაძლებლობა ომის დასასრულებლად. მისივე თქმით, ამას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც უჭერს მხარს.
„მე მიმაჩნია, რომ დღეს ამისთვის ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩემი აზრით, ტრამპს სურს ომის სწრაფად დასრულება. სწრაფი იქნება თუ არა, ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოვა, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ. ის ძლიერია, მაგრამ ევროპელებთან ერთად გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა მოსკოვმა მათთან ადაპტირების გზა იპოვა.
„რატომ? იმიტომ, რომ ყოველთვის რჩებოდა ასეთი ე.წ ხვრელი, როდესაც საბანკო სანქციებს აწესებენ, მაგრამ არა ყველა ბანკის მიმართ. ჩვენ ვსაუბრობთ ასობით გემზე, რომლებზეც სანქციები უნდა დაწესდეს და კაპიტნებზე, ეკიპაჟებზე, ყველა ადამიანზე, ვინც ამით არის დაკავებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო მკაცრი უნდა იყოს. ასევე, მან დაადასტურა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინელი ხალხის დასამშვიდებლად და ადამიანების სახლში დასაბრუნებლად.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ხალხი, რვა მილიონი, დაბრუნდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა საუბარია ომის ცხელი ფაზის შეჩერებაზე. ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის არმიის მხარდაჭერა იმის გარანტირებისთვის, რომ „უკრაინა ხვალვე არ დარჩება მარტო“.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა გააკეთოს მეტი, ვიდრე უბრალოდ დაასრულოს ომი უკრაინაში, ის უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინს არ ექნება განმეორებითი შეტევის შესაძლებლობა, რაც მთელი დასავლეთის ინტერესებშია. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაყინული კონფლიქტი გამოიწვევს პუტინის დაბრუნებას თავისი აგრესიით, ის არ გაჩერდება და დასავლეთი წააგებს.
„ეს იქნება აბსოლუტურად ყველასთვის დამარცხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ტრამპისთვის. მას სჭირდება არამხოლოდ ომის დასრულება. ის უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინს არ ექნება შანსი, დაბრუნდეს ჩვენ წინააღმდეგ ომით. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველამ უნდა აღიაროს, მაშინ ეს იქნება გამარჯვება. ეს არის ის, რაზეც ყველამ უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ, რომ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება. და როცა ვიღაცას ასე ძალიან არ უნდა ომის დასრულება, არ შეიძლება მასთან ნახევარი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ის ამით აუცილებლად ისარგებლებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ტრამპის მხრიდან მიუღებელი გარიგების შეთავაზების ალბათობაზე საუბრისას, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ვერ იქნება დაპირისპირებაში აშშ-თან.
„ეს არ არის ხელსაყრელი ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომელიც ომშია და ეს არ არის ხელსაყრელი ტრამპისთვის, რომელიც ძლიერი ამერიკის პრეზიდენტია – მისთვის არ არის ხელსაყრელი პუტინის გამარჯვება. თუ იქნება დაპირისპირება უკრაინისა და ამერიკის პოზიციებს შორის, მე არ მინდა ამაზე ფიქრიც კი, ამით მხოლოდ პუტინი მოიგებს. პუტინის გამარჯვება დასავლური სამყაროს დამარცხებაა, როგორც ევროპის, ისე ამერიკის და ის არასდროს გაჩერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუ პუტინი არ გააჩერეს, ის გადავა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში.
„თვით უნგრეთმაც კი, რომელიც ბალანსირებს უკრაინასა და რუსეთს შორის, არ იცის ბოლომდე, საით წავა პუტინი. ის წავა წინ, ეს არის მისი მიზანი – საბჭოთა კავშირის დაბრუნება, რუსეთის იმპერიის გავლენის დაბრუნება მსოფლიოზე, იმ დროის დაბრუნება და კიდევ რუსეთის ისტორიაში რაღაც ნახტომის გაკეთებაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ მომზადებული „გამარჯვების გეგმა“ არის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გახდეს ტრამპის გეგმის საფუძველი.
„„გამარჯვების გეგმაში“ გაწერილია, თუ რა არის სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გეგმა, თუ ის მოიტანს სამართლიანი მშვიდობის საფუძვლის 10 პროცენტს, 20 პროცენტს, 30 პროცენტს, ეს არის ნორმალური ნაბიჯები წინ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სამართლიან მშვიდობაზე, ვიდრე ბოროტება არ დაისჯება“, - განაცხადა ზელენსკიმ.