ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვისმინეთ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები, ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს, პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას ტრამპს, რომ სურს ომის გაგრძელება
პუტინი, ფაქტობრივად, უარს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა არსებობს ნიუანსები.
„ახლა ჩვენ ყველამ მოვისმინეთ რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები ფრონტზე დუმილის იდეასთან დაკავშირებით – ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების დახოცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამას ხშირად აკეთებს, ის პირდაპირ არ ამბობს „არას“, მაგრამ აკეთებს ისე, რომ, „პრაქტიკულად, უბრალოდ აჭიანურებს ყველაფერს და ნორმალურ გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი რუსული მანიპულაციაა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისა და შემოწმების ორგანიზების მზადყოფნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამის უზრუნველყოფა რეალურად შესაძლებელია ამერიკული და ევროპული შესაძლებლობებით.
„ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებს. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს გააჭიანურებს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება – ეს რუსეთია. მათ სჭირდებათ ომი. პუტინმა მოიპარა მშვიდობის წლები და აგრძელებს ამ ომს ყოველდღიურად. ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო. საჭიროა სანქციების შემოღება, რომლებიც მშვიდობას დაეხმარება. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რათა ვაიძულოთ რუსეთს ომის დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.