ვოლოდიმირ ზელენსკი – მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი გვეხმარება რუსული თავდასხმებისგან თავის დაცვაში, მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის, იარაღის წარმოების ყველა ლიცენზია საფრანგეთისგან უკვე მიღებულია

01:43, 16.10.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის ევროპელ ლიდერებს ხვდება.

უკრაინის ლიდერმა შეხვედრა გამართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, სადაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული თავდასხმებისგან კიევის დასაცავად პოლონეთმა უკრაინას დახმარება გაუგზავნა. მისივე თქმით, ვარშავის დახმარება კიევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მან ტუსკს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პოლონეთის მკაფიო პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა.

„შევხვდი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. დონალდი კარგად არის ინფორმირებული რუსული დაბომბვის სიტუაციისა და მისი ყოველდღიურად გამწვავების შესახებ. მხოლოდ დღეს 52 ადამიანი დაშავდა. მთელი დღის განმავლობაში რუსული დარტყმები განხორციელდა მაღაზიაზე, ფარმაცევტულ ქარხანასა და ლოჯისტიკურ ობიექტებზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი გვეხმარება ამ თავდასხმებისგან თავის დაცვაში. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას რუსული დარტყმებისგან. მადლობა გადავუხადე დონალდს სანქციებთან დაკავშირებით მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციისთვის: არ შეიძლება, იყოს ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს დაეხმარება ამ ომის გაგრძელებაში“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის ლიდერი ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა. ზელენსკის თქმით, მაკრონთან მან რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილა. ამასთან, მისი თქმით, მადლიერია, რომ პარიზმა კიევისთვის იარაღის წარმოების ყველა დაპირებული ლიცენზია გასცა.

„მე და ემანუელმა განვიხილეთ რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა გზა. კერძოდ, ამ თვეში ჩვენი საბრძოლო ავიაციის გასაძლიერებლად ახალი პაკეტებს მივიღებთ. ჩვენ ასევე ვაჩქარებთ მუშაობას ევროპულ ანტიბალისტიკურ თავდაცვა – FREYJA-ზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. მადლობელი ვარ ემანუელის – იარაღის წარმოების ყველა ლიცენზია, რომელსაც საფრანგეთი უკრაინას დაჰპირდა, უკვე მიღებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდურ დონეზე სწრაფად განხორციელდეს“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი