ვოლოდიმირ ზელენსკი - მაქსიმალურად ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - მაქსიმალურად ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად

მაქსიმალურად ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას და ყოველ კვირას უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობები და შეთანხმებები მოაქვს.

„ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას, თითქმის ყოველ კვირას უკრაინისთვის ახალი შეთანხმებები და შესაძლებლობები მოაქვს. რუსული რეჟიმი იმეორებს უკვე ჩადენილ ბოროტებას, მაგრამ ცდილობს, ყოველი დარტყმა უფრო მტკივნეული გახადოს. ჩვენ ეს ვიცით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატებისგან, ვინც იგერიებს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს, ჩვენს დაზვერვას და ყველა პარტნიორს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ტერორისტი სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რუსეთში მყოფებს ეჭვი არ შეეპაროთ: პასუხის აგებს ყველა – ტერორისტებიდან დაწყებული ტერორის პროპაგანდისტებით დამთავრებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს ესაუბრა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის ერთიანობის საკითხზე – განსაკუთრებით უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. უკრაინა ასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც არაერთხელ დავამტკიცეთ. დღეს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონები ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნები, კონკრეტულად, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. ჩვენ ველით, რომ უკრაინის ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და შესრულდება შესაბამისი ევროპული დაპირებები უკრაინის მიმართ. შვიდი რეკომენდაცია გვქონდა – დეკემბრისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან ელოდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საგარეო პოლიტიკურ მუშაობას უკრაინის თავდაცვის, მაკროფინანსირებისა და პოლიტიკური და მოტივაციური სიძლიერის მოსატანად. ნებისმიერმა, ვინც იცავს თავისუფლებას, უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არის. თავისუფალი სამყარო უნდა იყოს ერთიანი და წარმატების მისაღწევად უკრაინა უნდა იყოს ერთიანობის დონორი. ჩვენს საგარეო პოლიტიკაში ყოველი ნაბიჯი სწორედ ამისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.