ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთო ღირებულებების დაცვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთო ღირებულებების დაცვა

ჩვენი ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთო ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყოველდღე, ჩვენი ხალხისადმი მიმართვისას მე ხაზს ვუსვამ, რამდენად მძიმეა და რა ფასად გვიჯდება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა. ოკუპანტები ჩვენს წინააღმდეგ ძალიან სასტიკ ომს აწარმოებენ. ასეთი ომი ევროპულ კონტინენტზე ნამდვილად არ ყოფილა 77 წლის განმავლობაში. ეს არის ტოტალური ომი, როდესაც მტერი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ინფრასტრუქტურა გაანადგუროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ დესნაში სარაკეტო იერიშების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 87 ადამიანს მიაღწია.

„ეს მხოლოდ ოთხი რაკეტა იყო. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინაზე 1 474 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რა დროსაც 2 275 სხვადასხვა რაკეტა გამოიყენა. აბსოლუტური უმრავლესობა – სამოქალაქო ობიექტებზე. არასრული სამი თვის განმავლობაში განხორციელდა რუსული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების 3 000-ზე მეტი ავიადარტყმა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების მოთხოვნა  მრავალი ადამიანის რეალური სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, თანამედროვე საბრძოლო ავიაცია, ჩვენ უბრალოდ ფორმალურ მოთხოვნას არ ვაგზავნით. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა არის მრავალი ადამიანის რეალური სიცოცხლე, რომლებიც არ დაიღუპებოდნენ, ჩვენ რომ მიგვეღო ყველა იარაღი, რომლისთვისაც მივმართავთ თხოვნით. დღეს დავოსის ფორუმის მონაწილეებისადმი საუბრისას, მე სხვა საკითხებთან ერთად ამაზეც ვისაუბრე, უკრაინისთვის ყველაფრის მიწოდების აუცილებლობაზე, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთო ღირებულებების, ჩვენი საერთო თავისუფლების დაცვა. თუკი ასეა, ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს სრული და გადაუდებელი დახმარების იმედი, უპირველეს ყოვლისა, იარაღით დახმარების. ყველა ჩემი საერთაშორისო მოლაპარაკება, ყველა ჩემი გამოსვლა პარლამენტში ან სხვა უცხოური აუდიტორიის წინაშე, აუცილებლად ეხება ამ თემატიკას. მე მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომლებიც გვთავაზობენ და გვაწვდიან აუცილებელ შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს, რათა დავძლიოთ ტექნიკისა და შეიარაღების ის უპირატესობა, რომელიც რუსეთის არმიას გააჩნია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე რთული სიტუაცია ახლა დონბასშია. კერძოდ, რუსული ძალები აქტიურ იერიშს ახორციელებენ ბახმუტის, პოპასნაიასა და სევეროდონეცკის მიმართულებებზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არ აქვს სხვა ალტერნატივა, ბრძოლისა და გამარჯვების გარდა.