ვოლოდიმირ ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა, რეალური და ხანგრძლივი, უნდა იყოს პირველი ნაბიჯი უსაფრთხო და მდგრადი მშვიდობისკენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა, რეალური და ხანგრძლივი, უნდა იყოს პირველი ნაბიჯი უსაფრთხო და მდგრადი მშვიდობისკენ

ცეცხლის შეწყვეტა, რეალური და ხანგრძლივი, უნდა იყოს პირველი ნაბიჯი უსაფრთხო და მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

„ვემზადებით ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრებისთვის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასა და ამერიკის შეერთებული შტატებთან. ამ შეხვედრებმა, შეიძლება, მიგვაახლოოს ცეცხლის შეწყვეტასთან და ნამდვილ, ხანგრძლივ მშვიდობასთან. ცეცხლის შეწყვეტა, რეალური და ხანგრძლივი, უნდა იყოს პირველი ნაბიჯი უსაფრთხო და მდგრადი მშვიდობისკენ. უკრაინის წარმომადგენლებს როგორც პარიზში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ამ კვირაში ლონდონში დაგეგმილ შეხვედრებზე, ექნებათ უპირველესი ამოცანა ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი. მშვიდობა იწყება სიჩუმეში. მხოლოდ მაშინ, როდესაც არის ნამდვილი სიჩუმე და როდესაც ხალხს სჯერა მოლაპარაკებების პროცესის, შეიძლება დაიწყოს ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის დღეს საჰაერო განგაში არ ყოფილა და ფრონტის ზოგიერთ ნაწილში სიჩუმე იყო, რუსეთმა კვლავ განახორციელა თავდასხმები.

„ეს ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია. შესაძლებელია, როცა რუსეთი აირჩევს მკვლელობების შემცირებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ აღდგომას კვლავ იყო რუსული თავდასხმები, დარტყმები და დაბომბვა, იყო დანაკარგები, მათ შორის სამოქალაქო პირებს შორის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს, მხოლოდ შუადღისთვის, უკვე დაფიქსირდა დაბომბვის, თავდასხმებისა და სხვა დარტყმების დაახლოებით 3000 შემთხვევა.

„სწორედ მოსკოვიდან უნდა მოვიდეს ნამდვილი ბრძანება რუსეთის არმიისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე. თუ არ იქნება ასეთი მტკიცე ბრძანება ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უარყო როგორც აშშ-ის წინადადება ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გაკეთდა, ასევე წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების შესახებ აღდგომის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ სთავაზობს, სულ მცირე, არ დაარტყას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ელოდება ნათელ პასუხს მოსკოვისგან.

„არსებობს აშკარა, უმარტივესი და ყველაზე საიმედო გზა: შეწყვიტეთ სარაკეტო და შორ მანძილზე მოქმედი დრონებით თავდასხმები. მხოლოდ ესეც კი ავტომატურად უზრუნველყოფს ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.