ვოლოდიმირ ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა, ხანგრძლივი და სანდო, იქნება მშვიდობისკენ მოძრაობის ინდიკატორი, ამერიკას შეუძლია, დაგვეხმაროს ამაში, მსოფლიოს ისევე სჭირდება ამერიკა, როგორც 80 წლის წინ
დონალდ ტრამპთან ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ მივუახლოვდეთ რეალურ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში, ეს არის რაღაც, რამაც შეიძლება, მრავალი შანსი მისცეს დიპლომატიას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
„ახლახანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. კარგი საუბარი იყო, ძალიან თბილი და კონსტრუქციული. ჩვენ მივულოცეთ ერთმანეთს და ჩვენს ხალხებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე: 80 წელი ნაციზმზე გამარჯვებიდან, ევროპაში ყველა იმ ხალხის ერთობლივი გამარჯვებაა, რომლებმაც დაამარცხეს ნაციზმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობლივი გამარჯვება და მოკავშირეების ერთობლივი მუშაობა გახდა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველი, ბევრი ხალხის ნორმალური ცხოვრებისთვის. ახლა ეს ცხოვრება უნდა იყოს დაცული, აღდგენილი, ამოყვანილი ნანგრევებიდან რუსული დარტყმების შემდეგ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა. ჩვენ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ერთობლივი ქმედებების შესახებ: ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ასე საჭიროა, რუსეთზე ზეწოლის შესახებ – ზეწოლა მშვიდობისთვის. ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური მუშაობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მივუახლოვდეთ რეალურ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას – სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში. ეს არის რაღაც, რამაც შეიძლება, მრავალი შანსი მისცეს დიპლომატიას. უკრაინა მზადაა სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის ახლავე, ამ წუთიდან, 30 დღის სიჩუმისთვის. მხოლოდ რეალურად. ისე, რომ არ იყოს სარაკეტო დარტყმები, დრონები და არ იყოს ასობით შეტევა ფრონტზე. საჭიროა, რომ რუსებმა ამას ადეკვატურად უპასუხონ, მხარი დაუჭირონ ცეცხლის შეწყვეტას. მათ უნდა დაამტკიცონ მზაობა, მზაობა ომის დასრულებისთვის. და ეს პირველად არ არის, ჩვენ ამას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ. 30 დღე, რომელიც შეიძლება, გახდეს მშვიდობის წლების დასაწყისი. სწორედ ცეცხლის შეწყვეტა, ხანგრძლივი და სანდო, იქნება მშვიდობისკენ მოძრაობის რეალური ინდიკატორი. ამერიკას შეუძლია, დაგვეხმაროს ამაში. მსოფლიოს ისევე სჭირდება ამერიკა, როგორც 80 წლის წინ. რა თქმა უნდა, დღეს ვისაუბრეთ ჩვენს შეთანხმებაზე, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ამერიკასთან. აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები აძლიერებს ჩვენს ქვეყნებს ათწლეულების განმავლობაში. ასევე შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს შემდგომ კონტაქტებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის ახალ კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან.
„მე ვესაუბრე გერმანიის ახალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე. უკვე არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ. იქნება გადაწყვეტილებები. დღეს ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. განვიხილეთ ჩვენი ნაბიჯები: ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი მოლაპარაკებები, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინისა და მთელი ჩვენი ევროპის ერთად დაცვა. სწორედ ამას ვაკეთებთ. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობა ყველას, ვინც იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.