ვოლოდიმირ ზელენსკი - ანტიკორუფციული ორგანოები იმუშავებენ, მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე, ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ანტიკორუფციული ორგანოები იმუშავებენ, მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე, ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ორგანოები იმუშავებენ, მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე.

ზელენსკის ვიდეომიმართვაში კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც მოსახლეობა კანონის მიღებას აპროტესტებს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

„სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ვესაუბრე ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, სემენ კრივონოსს, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის პროკურორს, ალექსანდრე კლიმენკოს, გენერალურ პროკურორს, რუსლან კრავჩენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილ მალიუკს. ყველაფერი განვიხილეთ. ანტიკორუფციული ორგანოები იმუშავებენ, მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე – ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. სამართლიანობა უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ გენერალური პროკურორი ყველა კანონდარღვევას სამართლიანად აღკვეთს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხანგრძლივად შეჩერებული საქმეების გამოძიება უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. კანონის წინააღმდეგ უკრაინის ოთხ ქალაქში – კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის.