ვოლოდიმირ ზელენსკი - გადამწყვეტი მომენტია, მსოფლიო ახლა დაინახავს, შეუძლიათ თუ არა მის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა და ნამდვილი, მდგრადი მშვიდობის მიღწევა
ეს გადამწყვეტი მომენტია, მსოფლიო ახლა დაინახავს, ნამდვილად შეუძლიათ თუ არა მის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა და ნამდვილი, მდგრადი მშვიდობის მიღწევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ორჯერ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. პირველი ზარის დროს პირისპირ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ხოლო მეორედ – ევროპელ ლიდერებთან ერთად.
„ჩვენი ორმხრივი საუბრის დასაწყისში მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისთვის, როგორც ამაზე საუბრობენ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები. მნიშვნელოვანია, რომ ეს წინადადება არ შესუსტდეს. თუ რუსები არ არიან მზად, შეწყვიტონ მკვლელობები, უნდა იყოს უფრო მკაცრი სანქციები. რუსეთზე ზეწოლა მათ ნამდვილი მშვიდობისკენ უბიძგებს, ეს აშკარაა მთელი მსოფლიოსთვის. ასევე, კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, რომელიც შედეგს მოიტანს. თურქეთი, ვატიკანი, შვეიცარია – ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ადგილს. საჭირო არ არის უკრაინის დარწმუნება და ჩვენი წარმომადგენლები მზად არიან, მიიღონ რეალური გადაწყვეტილებები მოლაპარაკებებში. საჭიროა რუსეთის მხრიდან სარკისებური მზადყოფნა, ჩაერთოს მნიშვნელოვან საუბრებში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროპელ ლიდერებთან ერთად, განიხილეს შესაძლო შეხვედრები და თითოეული მხარის წინადადებების ობიექტური შეფასება.
„ყველა წინადადება მაგიდაზე იმსახურებს ობიექტურ შეფასებას, სწორედ ამიტომ მოლაპარაკებების პროცესში უნდა ჩაერთონ როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი წარმომადგენლები შესაბამის დონეზე. ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ არ დისტანცირდეს მოლაპარაკებებიდან, რადგან ამით მხოლოდ პუტინი სარგებლობს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ მიდგომას უჭერს მხარს“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი წამოაყენებს არარეალისტურ მოთხოვნებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ აჭიანურებს ომს და იმსახურებს, რომ ევროპამ, ამერიკამ და მსოფლიომ შესაბამისად იმოქმედონ, მათ შორის, დაუწესონ დამატებითი სანქციები.
„თუ რუსეთი უარს იტყვის, შეწყვიტოს მკვლელობები, უარს იტყვის, გაათავისუფლოს ომის ტყვეები და მძევლები, თუ პუტინი წამოაყენებს არარეალისტურ მოთხოვნებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ აჭიანურებს ომს და იმსახურებს, რომ ევროპამ, ამერიკამ და მსოფლიომ შესაბამისად იმოქმედონ, მათ შორის, დამატებითი სანქციებით. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც მან დაიწყო და მას შეუძლია ამის გაკეთება ნებისმიერ დღეს. უკრაინა ყოველთვის მზად იყო მშვიდობისთვის“, – წერს ზელენსკი.