ვლადიმირ ზელენსკი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არის უზარმაზარი ნდობის გამოცხადება
ვლადიმირ ზელენსკი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არის უზარმაზარი ნდობის გამოცხადება

ეს გამარჯვება არის ჩვენი გუნდისთვის გამოცხადებული დიდი ნდობა და ასევე, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. ზელენსკიმ იხუმრა, რომ 73 პროცენტი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამი ოთხიანიც კარგი შედეგია.

„მადლობა ჩემს გუნდს და ყველა უკრაინელს ამ ნდობის გამოცხადებისთვის“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება და ომის დასრულება იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, რომ მისი გუნდი კოალიციას ჩამოაყალიბებს როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმასთან“.

„ჩვენ ვეპატიჟებით ბატონ ვაკარჩუკს კოალიციაზე მოსალაპარაკებლად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მისი თქმით, მთავრობას სათავეში „ეკონომიკის გურუ“ უნდა ჩაუდგეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დღეს ვადამდელი არჩევნები გაიმართა და ეროვნული ეგზიტპოლის მიხედვით, ხმათა უმრავლესობა პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ეგზიტპოლის მიხედვით, მეცხრე მოწვევის რადაში სულ ხუთი პარტია შევა.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.

დატოვე კომენტარი