ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე

რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, ეს არის მორიგი ტერაქტი, რომელსაც რუსეთი აუცილებლად უპასუხებს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს წინადადებებს ამის თაობაზე.

„ეს არის უაზრო დანაშაული სამხედრო თვალსაზრისით, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ხიდი, დიდი ხანია, არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის და ეს არის სასტიკი დანაშაული, რადგან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დაშავდა ერთი ბავშვი, რომლის მშობლებიც დაიღუპნენ. რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება. თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებებს“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შესაბამის სამსახურებს ინციდენტის დეტალური შესწავლა დაავალა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმის ხიდზე უკვე მეორე ტერაქტი განხორციელდა, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.