ვლადიმერ გუცაევი - თვალშისაცემი იყო, რომ სანიოლმა ბოლო მატჩები ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშა #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - თვალშისაცემი იყო, რომ სანიოლმა ბოლო მატჩები ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას საიუბილეო მატჩის ჩატარება მიულოცა.

„უპირველესად, ჯაბას ნაკრებში 100 მატჩის ჩატარებას ვულოცავ, რადგან ნაკრებში ამდენი შეხვედრის ჩატარება დიდი შედეგია. ჩვენი გუნდის კაპიტანია, წარმატებებს ვუსურვებ და ნაკრებში კიდევ ბევრი შეხვედრა ჩაატაროს“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.

„საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა საქართველოს ნაკრების შვედეთთან მოგებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.

„როგორც იქნა, ამოვისუნთქეთ და მოვიგეთ, თანაც ასეთ გუნდთან. შესაძლოა, შვედეთი გრანდი არაა, მაგრამ ძალიან ძლიერი საშუალო ევროპული დონის ნაკრებია. ქულებიც ამაზე მეტყველებს – 15 ქულა დააგროვა იმ ჯგუფში, სადაც ესპანეთის და საბერძნეთის ძლიერი ნაკრებები თამაშობენ“.

მან ვილი სანიოლის მიერ შეცვლილ ტაქტიკაზეც ილაპარაკა.

„სხვათა შორის, თვალშისაცემი იყო, რომ სანიოლმა შვედებთან და მანამდე კოსოვოსთან ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშა. ეს იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო სიახლე, რომელმაც გუნდის თამაშზე გავლენა მოახდინა“.