ვლადიმერ გუცაევი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისეთი შეხვედრაა, უმაყურებლოდ არ უნდა ჩატარდეს
ვლადიმერ გუცაევი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისეთი შეხვედრაა, უმაყურებლოდ არ უნდა ჩატარდეს

12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პოლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მაყურებლის დაშვება აუცილებელია – ასეთი მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ წამყვანმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა.

ბელარუსთან შეხვედრაზე ხალხი სტადიონზე არ შეუშვეს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, გარეთ რაც ხდებოდა – ათასობით ადამიანი სტადიონის გარეთ იდგა და ეს ტერიტორია სავსე იყო. ჩემი აზრით, აჯობებდა, რომ ხალხი სტადიონზე სოციალური დისტანციის დაცვით შეეშვათ და გარეთ ასეთი ქაოსი აღარ იქნებოდა“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

ლეგენდარული დინამოელი დარწმუნებულია, რომ 12 ნოემბერს თბილისში დანიშნული ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხალხის თანადგომა ჩვენი ნაკრების გამარჯვების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის: 

„მახსოვს, ნოდარ ახალკაცი ზოგჯერ მატჩებს ატარებდა დიღმის ბაზაზე, სადაც ხალხი ვერ შემოდიოდა. მათ გარეშე თამაშის ჩატარება ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ასევეა ნებისმიერი ფეხბურთელის განწყობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა უმაყურებლოდ არ უნდა ჩატარდეს. 16 ათასის დაშვება შეიძლება. ამდენი თუ არა, 10 ათასი მაინც დაუშვან, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მოხვედრა ქვეყნის სახელზეც დადებითად იმოქმედებს, ჩვენს ფეხბურთზეც, მის ფინანსურ მდგომარეობაზეც და მოთამაშეების მომავალზეც“.

გუცაევის თქმით, საქართველოს ნაკრებმა თამაში უნდა გააუმჯობესოს:

სკოპიეში ისეთი პირველი ტაიმი იყო, მსგავსი ფეხბურთი კარგა ხანია არ მინახავს – გუნდები ძალიან უფერულად გამოიყურებოდნენ. 12 ნოემბრის გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთი თვეა დარჩენილი და იმედია, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოპტიმალურ შემადგენლობას შეარჩევს“.