„ვიზეარმა“ ქუთაისიდან ექვსი ახალი რეისის დამატება 10 სექტემბრამდე გადადო
„ვიზეარმა“ ქუთაისიდან ექვსი ახალი რეისის დამატება 10 სექტემბრამდე გადადო

„ვიზეარმა“ ქუთაისიდან ექვსი ახალი რეისის დამატება ერთი თვით გადადო. მიზეზად საოპერაციო შეფერხება სახელდება – ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში მესამე „ეარბას A320“-ს პირველი აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბერს ჩამოიყვანს და რეისების შესრულებაც ამ დღეს დაიწყება.

როგორც ცნობილია, რეგულარული ფრენები ეინდჰოვენის (ჰოლანდია), ტალინის (ესტონეთი), ბრიუსელის (ბელგია), კოპენჰაგენის (დანია), ბარის (იტალია) და ბაზელის (შვეიცარია) მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე შესრულდება.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ ექვსი მიმართულებით პირველი აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, კომპანია მათ ბილეთის თანხის 100%-ით ანაზღაურებას, ბილეთის გადაცვლას (იმავე მიმართულებით სხვა თარიღებზე ან ნებისმიერი სხვა არჩეული მიმართულებით) ან „ვიზ კრედიტზე“ გადახდილი ბილეთის საფასურის 120%-ით ანაზღაურებას სთავაზობს. მგზავრები, რომლებმაც ბილეთები ტურისტული სააგენტოების მეშვეობით შეიძინეს, დროის ან მიმართულების შესაცვლელად იმავე სააგენტოებს უნდა დაუკავშირდნენ.