ვინ არის ბრონი ჯეიმსი? | ტაიმაუტი
ვინ არის ბრონი ჯეიმსი? | ტაიმაუტი

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მსუბუქი ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარი სუპერვარსკვლავია. 35 წლის ჯეიმსი შთაბეჭდავ კალათბურთს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ მოწიფული სპორტული ასაკი აქვს. ლებრონი მზად არის, კიდევ მინიმუმ ხუთი წელი ითამაშოს. მისი ერთ-ერთი მიზანი – თავის ვაჟთან ბრონისთან ერთ გუნდში გამოსვლაა და ის ძალიან ახლოს არის მის ასრულებასთან.

15 წლის ბრონი – ლებრონის უფროსი ვაჟია. არის კიდევ 13 წლის ბრაისი და ხუთი წლის ჟური. ბრაისისა და ჟურის საკალათბურთო პერსპექტივები ჯერ ძალიან ბუნდოვანია, რასაც ვერ ვიტყვით ბრონიზე. ამ ნიჭიერ ბიჭს დიდი მომავალი აქვს კალათბურთში. სწორედ მასთან ერთად გეგმავს ლებრონი სამ-ოთხ წელიწადში ერთ კლუბში თამაშს. შესაძლოა, ეს ორი წლის შემდეგაც მოხდეს, თუ NBA გაატარებს დაპირებულ რეფორმას და გააუქმებს ასაკობრივ შეზღუდვას კალათბურთელთა დრაფტზე გასვლისას, ასევე უფლებას მისცემს სკოლის მოსწავლეებს NCAA-ს კოლეჯების გვერდით ავლით მოხვდნენ ლიგაში. მანამდე კი ბრონი სიერა-კანიონის კალიფორნიულ სკოლაში სწავლობს და ჩვეულებრივ ცხოვრებაში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტსმენის ვაჟის სტატუსით სარგებლობს.


ბრონის ტალანტს ყველა აღიარებს. NBA-ის ექს-ვარსკვლავი გილბერტ არენასი საკმაოდ თამამად აფასებს ლებრონის უფროსი ვაჟის პოტენციალს.

„ერთადერთი ადამიანი, რომელიც გამოწვევას ესვრის ლებრონის სტატისტიკას – ეს არის ბრონი. ის, უბრალოდ, არარეალურია“, – მოჰყავს არენასის სიტყვები „ბლიჩერ რეპორტს“ (Bleacher Report).

„ლეიკერსის“ ლეგენდას მეჯიქ ჯონსონს მიაჩნია, რომ ბრონი იმდენად კარგია, რომ შეიძლება თავის ლეგენდარულ მამასაც კი აჯობოს.

„ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ყოველ შეთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს. ჩვეულებრივ ასე ხდება – მშობლების თვისებები და ნიჭი შვილებს გადაედებათ ხოლმე. თუნდაც ისეთი შთამბეჭდავი თვისებები, როგორსაც ლებრონი ფლობს. ვფიქრობ, ბრონის აქვს შანსი გახდეს დაუჯერებელი მოთამაშე – ისეთივე კარგი, როგორც მამამისი, ან ოდნავ უკეთესი“, – თქვა ჯონსონმა ნახევარი წლის წინ.

შესაძლოა, არენასსა და ჯონსონს უბრალოდ სურთ ასიამოვნონ „მეფესა“ და მის ვაჟს. მაგრამ ნაკლებად ანგაჟირებული სკაუტებიც ასევე აქებენ ბრონის. ავტორიტეტული პორტალი „ენ-ბი-ეი დრაფთ რუმ“ (NBA Draft Room) 2024 წლის დრაფტზე ბრონის პირველ ნომრად არჩევას პროგნოზირებს. თუ ლებრონის ვაჟი 2023 წლის დრაფტზე გავა, მაშინაც მას ელოდება პირველ რაუნდში არჩევა, ოღონდ არც ისე მაღალ ნომრად.

შემტევი მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბრონის ძლიერ მხარედ ასახელებენ უმაღლეს დონეზე მოედნის ხედვას, ძლიერ აღნაგობას, კარგ სისწრაფესა და შესანიშნავ ნახტომს… შორეულ ტყორცნებს უკეთ ასრულებს, ვიდრე ლებრონი, გამოყოფენ მის ათლეტიზმს, ფართო მხრებსა და განვითარებულ „ფიზიკას“, დაცვით ფუნქციებს საშუალოზე მაღალ დონეზე ითვისებს. ბრონი უკვე იმეორებს კობი ბრაინტის ცნობილ დანკს და მამის ლეგენდარულ დაფარებას „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ფორვარდ ანდრე იგუოდალაზე 2017 წლის ფინალის მეშვიდე მატჩში. ბიჭი მართლაც ათლეტურია, სროლა კი ძალიან კარგი აქვს.

ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ბრონის შეუძლია ლებრონ ჯეიმსის დონის მიღწევა. მას წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. ბიჭს ელოდება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და გადამეტებული ყურადღება გარშემო მყოფთაგან. მაგრამ ბრონი ამისთვის მზად არის. ის კარგი გაგებით თავხედი და თამამი ბიჭია, რომელიც ბავშვობიდან მიეჩვია ვარსკვლავურ წვეულებებზე ყოფნას. ბრონის ნათლია – ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ 10-გზის მონაწილე პოლ პირსია, ლებრონის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. მას ასევე რეგულარული ურთიერთობა აქვს დუეინ უეიდთან და კარმელო ენტონისთან.

საერთოდ, ბრონი „შენობით“ არის NBA-ის ყველა ვარსკვლავთან და სხვა სფეროს „სელებრითებთან“. ბიჭის საყვარელი კალათბურთელი „ჰიუსტონის“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკია, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. მაისურს ბრონის სახელით ცნობილი რეპერი დრეიკი ატარებდა კლიპში Money in the Grave. სხვათა შორის, დრეიკიც ხშირი სტუმარია ჯეიმსების ოჯახში. ჭორების მიხედვით, ბრონი ამაია უეიანსს ხვდება, რომელიც ცნობილი მსახიობის დეიმონ უეიანს-უმცროსის ქალიშვილია. ვარსკვლავების გარემოცვაში ბრონი თავად გრძნობს საკუთარ თავს მნიშვნელოვან „სელებრითად“.

პრესისგან და საზოგადოებისგან საყოველთაო ყურადღების ქვეშ ცხოვრება – ბრონისთვის პრობლემა არ არის. 15 წლის კალათბურთელს „ინსტაგრამში“ უკვე 5.4 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე თანამედროვე ლიგის ყველაზე პოპულარულ ახალგაზრდა მოთამაშეს ზაიონ უილიამსონს ჰყავს (5.1 მილიონი).

2019 წლის მაისში, სოციალურ ქსელში უკვე პირველი ანგარიშის შექმნიდან 15 წუთის შემდეგ, ლებრონის ვაჟს უკვე 50 ათასი ხელმომწერი ჰყავდა. აუდიტორიის ზრდის ტემპი შთამბეჭდავია. ბრონის უკვე შეუძლია რეკლამით ფულის შოვნა. ამერიკული პრესის მონაცემებით, ბრონის სუფთა მოგება 5-10 მილიონ დოლარში მერყეობს. „მეფის“ მემკვიდრე ლოს ანჯელესის ელიტურ რაიონში – ბრენტვუდში 23 მილიონად შეფასებულ მდიდრულ სახლში ცხოვრობს. პატარა ბიჭი ფუფუნებაშია ჩაფლული და საკუთარ თავს არაფერზე ეუბნება უარს. თუმცა, მამის გარეშეც ბრონი, საკალათბურთო თვალსაზრისით, საკმაოდ ღირებული ფიგურაა.

ბრონის ძალიან უყვარს სოციალურ ქსელში აქტიურობა. და მისი ფრაზებით იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბიჭს საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. ცოტა ხნის წინ, ბრონიმ მკვეთრად გააკრიტიკა „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრი ჟოაკიმ ნოა.

„რატომ გავს ჟოაკიმ ნოა უსახლკაროს? ძმაო, „ბაბლში“ არსებობს ბარბერშოპი. შეიარე იქ“, – ურჩევს უმცროსი ჯეიმსი ფრანგს.

ასე გამოექომაგა ბრონი მამას. ადრე ნოამ განაცხადა, რომ „კლიპერსში“ პრიმადონები არ არიან. ეს ლებრონზე აშკარა თავდასხმა იყო. ჯეიმსსა და ნოას დიდი ხანია კონფლიქტი აქვთ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ეს უკანასკნელი ვარსკვლავურ დონეზე თამაშობდა „ჩიკაგოში“. ვიღაც „ჰეიტერები“ და „ტრეშტოკერები“ ბრონის ნამდვილად ვერ გამოიყვანენ წყობიდან, ხოლო თუ საჭირო იქნება, ის თავად მიუჩენს კრიტიკოსებს კუთვნილ ადგილს.

ბრონი უახლოესი რამდენიმე წელი სიერა-კანიონის სკოლის გუნდში ითამაშებს. შემდეგ, სავარაუდოდ, მოხდება ისტორიული მოვლენა. პირველად NBA-ის არსებობის ისტორიაში, ერთ გუნდში ითამაშებენ მამა და შვილი. ლებრონს, უბრალოდ, აბოდებს ამ იდეის გამო. სავარაუდოდ, ჯეიმსები გეგმავენ „ნიუ იორკ ნიქსში“ ერთად გამოსვლას – ამას ცნობილი ინსაიდერებიც წინასწარმეტყველებენ. ლებრონიც აშკარა მინიშნებებს აკეთებს.

„ვერაფერი შეედრება „მედისონ სკვერ გარდენს“ („ნიუ იორკის“ საშინაო არენა), – დაწერა ლებრონმა თავის „ტვიტერში“ მაშინვე, როგორც კი ჟურნალისტმა მარკ ბერმანმა გაამჟღავნა მისი გეგმა – მომავალში ითამაშოს „ნიქსის“ რიგებში ბრონისთან ერთად.

2022 წელს, ლებრონს ეწურება კონტრაქტი „ლეიკერსთან“. „მეფისთვის“ რეალური პერსპექტივაა კარიერის მიწურულს ნიუ იორკის მსხვილ ბაზარზე გადასვლა. უახლოეს სამ წელიწადში, დიდი ალბათობით, ჯეიმსი ვერ დაეწევა მაიკლ ჯორდანს ტიტულების რაოდენობით. ჯორდანის უპირატესობა ძალიან სოლიდურია – 6:3. სამაგიეროდ, ლებრონი შეძლებს ისეთი რამის გაკეთებას, რაზეც ჯორდანსა და NBA-ის სხვა ლეგენდას არც კი უოცნებია – ითამაშოს ერთ გუნდში თავის ვაჟთან ერთად. ბრონის დრო ძალიან მალე დადგება.

„ისინი სულ უფრო და უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან. ყურადღებით იყავით, ძალიან ყურადღებით. ილოცეთ, რომ არ აღმოჩნდეთ მისი პოსტერ-დანკის ქვეშ“, – „ინსტაგრამში” დაწერა ლებრონმა გასული წლის ივლისში.

„მეფემ“ იცის რაზეც ლაპარაკობს. ასე უბრალოდ ჯეიმსი სიტყვები არ ისვრის.