ვენესუელის პრეზიდენტი - ჩემი მოკვლა კოლუმბიამ სცადა
ვენესუელის პრეზიდენტი - ჩემი მოკვლა კოლუმბიამ სცადა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მასზე თავდასხმაში მეზობელი კოლუმბია დაადანაშაულა. ეს განცხადება ნიკოლას მადურომ კარაკსში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა. მადუროს თქმით, მისი ლიკვიდაცია კოლუმბიელებმა და მათმა ამერიკელმა დამფინანსებლებმა დრონით სცადეს.

„მფრინავი ობიექტი ჩემ თვალწინ აფეთქდა. დღეს მათ ჩემი მოკვლა სცადეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის ორგანიზატორი კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსია. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმა ფლორიდაში მცხოვრებმა პირებმა დააფინანსეს. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი მზადაა ამ ტერორისტებთან საბრძოლველად“, – განაცხადა მადურომ.

ვენესუელის ხელისუფლების ცნობით, პრეზიდენტზე თავდასხმისას 7 სამხედრო დაშავდა. მომხდარის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ პირადი დაცვის წევრები მადუროს დაცვას ცდილობენ. მფრინავი ობიექტი ამ კადრებში არ ჩანს. შემთხვევა სამხედრო აღლუმის მიმდინარეობისას მოხდა.

55 წლის ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ იკავებს. არაერთი საპროტესტო აქციისა და ვენესუელის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მადურო თანამდებობაზე რჩება. ის პრეზიდენტის პოსტზე მორიგი ვადით მაისში აირჩიეს. აშშ-მ და ევროკავშირმა ამ არჩევნებს უსამართლო უწოდეს.

დატოვე კომენტარი