ვენესუელაში ორ ძლიერ მიწისძვრასა და განმეორებით ბიძგებს ნგრევა მოჰყვა, წინასწარი ცნობებით, დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი, ხოლო 700 დაშავდა
ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრისა და 30-მდე „აფთერშოკის“ შემდეგ, კარაკასსა და სხვა ადგილებში შენობები ჩამოინგრა, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ვენესუელის პრეზიდენტ დელსი როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.
დელსი როდრიგესის თქმით, ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც არ მოიცავს კარაკასის მახლობლად მდებარე ლა გუაირაში დაფიქსირებულ მსხვერპლს, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
„ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ჩვენ ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლე, რამდენის საშუალებასაც ღმერთი მოგვცემს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ ვუგზავნით მათ სოლიდარობის გზავნილს, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს სამძიმარსა და მხარდაჭერას ამ მძიმე საათებში“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.
მიწისძვრების შემდეგ, როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრა ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით მოხდა. პირველი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, სან ფელიპეში იყო, რასაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში კიდევ უფრო ძლიერი – 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ 10 000-ს გადააჭარბებს.