Vamos Mi Sevilla – გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ გადასვლასთან ახლოს არის #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ გადასვლასთან ახლოს არის, – ამის შესახებ „სევილიის“ მხარდამჭერთა გვერდი – Vamos Mi Sevilla სოციალურ ქსელში წერს.
„ლა ლიგის პირველ ტურში „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მატჩამდე „სევილიას“ ნახევარდაცვის რეორგანიზაცია ელის. მენეჯმენტმა ყურადღება ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე გაამახვილა. ახლა ის „სევილიაში“ გადასვლამდე სულ რაღაც ორ ნაბიჯშია, რადგან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
ქართველი სწორედ ისეთი დინამიკური ნახევარმცველია, როგორიც მწვრთნელმა, ლუის გარსია პლაზამ მოითხოვა. 27 წლის ნახევარმცველმა ნათლად გამოხატა თავისი განზრახვა, დატოვოს „სპორტინგი“, სადაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.
მიუხედავად „ხეტაფეს“ ოფიციალური ინტერესისა, ფეხბურთელი „სევილიას“ შეთავაზებამ დაარწმუნა. ის ახალ სეზონში გუნდის შესაძლებლობებს ნათლად ხედავს. ბოლო დაბრკოლება „სპორტინგთან“ ტრანსფერის ფორმულაა, რაზეც კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„სპორტინგს“ უნდა, მსურველმა კლუბმა ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს და დაფაროს ის 5,5 მილიონი ევროს ინვესტიცია, რომელიც პორტუგალიელებმა „ლევანტედან“ ქოჩორაშვილის შეძენისას დახარჯეს. „სევილია“ კი პრიორიტეტს გამოსყიდვის ვალდებულებით იჯარას ანიჭებს, რაც კლუბს ფინანსური მდგომარეობის დაბალანსების საშუალებას მისცემს.
კლუბების დირექტორები საკვანძო შეხვედრას კვირას გამართავენ და საბოლოო პოზიციებს ჩამოაყალიბებენ. ორივე მხარის სურვილია, ტრანსფერი სწრაფად დასრულდეს, რათა ქოჩორაშვილი ანდალუსიის დედაქალაქში ჩავიდეს, სამედიცინო შემოწმება გაიაროს და გუნდს დროულად შეუერთდეს, რათა ლა ლიგის პირველივე ტურში „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ითამაშოს“, – წერს გამოცემა.