„ვალენსიას“ ოფიციალური გვერდი - ხელშეკრულება გავაფორმეთ „საბურთალოსთან“ და ქართული აკადემიის კონსულტანტები გავხდით #1TVSPORT
„ვალენსიას“ ოფიციალური გვერდი - ხელშეკრულება გავაფორმეთ „საბურთალოსთან“ და ქართული აკადემიის კონსულტანტები გავხდით #1TVSPORT

„ვალენსიას“ აკადემიის გენერალურმა დირექტორმა შონ ბაიმ კომენტარი გააკეთა „საბურთალოსთანთანამშრომლობის დაწყებაზე, რომელიც სამ წელზეა გათვლილი.

„ჩვენი კლუბი, „ვალენსია“ მუდამ საერთაშორისო პროექტების ძიებაშია. სასიამოვნოა, რომ თბილისის „საბურთალოსთან“ მეგობრული და რაც მთავარია, საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. „ვალენსიასთვის“ დიდი პატივია „საბურთალოსთან“ თანამშრომლობა. გვჯერა, ორივე მხარესთვის ნაყოფიერი და წარმატებული პროექტი იქნება“, – განაცხადა შონ ბაიმ.

საბურთალომ“ და „ვალენსიამ” 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს და მხარეებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს. პროექტი მრავალმხრივია – „ვალენსიას“ „საბურთალოში“ წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც პროცესებს უშუალოდ უხელმძღვანელებს. ამავდროულად, კლუბებს შორის მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, ნიჭიერი ბავშვები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე, ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ საერთაშორისო ტურნირებში, კლუბისა და აკადემიის ხელმძღვანელებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია.

„ვალენსიას“ გენერალური დირექტორის თქმით, თანამშრომლობა პერსპექტიულია.

„ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, მომავალში ჩვენი ურთიერთობა მასშტაბური იქნება. „ვალენსია“ არის ის კლუბი და აკადემია, რომელიც სისტემატურად ნიჭიერი ბავშვების ძიებაშია. ვფიქრობ, ეს პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქართულ-ესპანური კულტურის კიდევ უფრო დაახლოებასაც“.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ხელშეკრულებით „საბურთალოს“ ეროვნულ ლიგასა და ევროტურნირებზე „ვალენსიას“ ახალგაზრდული გუნდის 4 მოთამაშე დაემატება. თანამშრომლობა ამავე დროს გულისხმობს შემდეგს – თუკი „ვალენსია“ ახალგაზრდა მოთამაშით დაინტერესდება, შესაძლოა, პრაქტიკისთვის თბილისურ კლუბში გამოუშვას.

ინფორმაცია „ვალენსიას“ ოფიციალურმა გვერდმაც გაავრცელა, სადაც ყურადღება ქართულ კლუბთან თანამშრომლობის დაწყების მიზეზებზეა.

„ვალენსიამ“ ხელშეკრულება გააფორმა „საბურთალოსთან“ – ჩვენი კლუბი ქართული აკადემიის მეთოდოლოგიური კონსულტანტი გახდება“

საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პროექტის განვითარებაზე, რომელმაც ახალ შეთანხმებას მიაღწია საქართველოს პირველი დივიზიონის „საბურთალოსთან“, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კლუბია – არის საქართველოს თასის 2-გზის გამარჯვებული, საქართველოს სუპერთასის და ოქროს მედლის მფლობელი. გარდა ამისა, მომავალ სეზონში გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

ამ შეთანხმების მთავარი მიზანია ყველა საჭირო სტრუქტურის შემუშავება, რათა „საბურთალოს“ საფეხბურთო კლუბის აკადემია გახდეს მაქსიმალურად პროფესიონალური მწვრთნელებისა და მოთამაშეთა გაზრდის კუთხით. „ვალენსია“ ასევე უზრუნველყოფს ქართველი მოთამაშეების განვითარების საუკეთესო რესურსებს, ნიჭიერების მოზიდვას მთელი ქვეყნიდან და ხელს შეუწყობს კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში მომზადებული ფეხბურთელების „ვალენსიას“ აკადემიის მეთოდოლოგიით.